თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი არ არის სომხეთის მტერი და არც არასდროს გახდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რია ნოვოსტისთან ინტერვიუში, რომელიც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ჩაიწერა.
„რუსეთმა კი არ აღიარა აზერბაიჯანის უფლება მთიან ყარაბაღზე, ეს სომხეთის ხელმძღვანელობამ გააკეთა. სომხეთის ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა დამოკიდებულება ექნება ამის მიმართ. მაგრამ ერევანში მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთს არ უნდა დაბრალდეს. რუსეთში მტრის ძებნა საჭირო არ არის. რუსეთი არასდროს ყოფილა სომხეთის მტერი და არც არასდროს იქნება“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთის შესახებ ერევნის მწვავე განცხადებებზე მოსკოვის მკაცრი რეაქციები „ცნებების ჩანაცვლებამ“ გამოიწვია.
„ჩვენ იმდენად ტონალობასა და პერსონალურ შეურაცხყოფებზე, თავხედობაზე კი არ ვამახვილებდით ყურადღებას, რასაც ადგილი ჰქონდა, არამედ იმაზე, რომ მათ საფუძვლად სიცრუე, უზუსტობა ან ფაქტების შეცვლის მცდელობა ედო. ამან გამოიწვია ჩვენი რეაქცია. ამიტომაც იყო მიწვეული ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში", — აღნიშნა ზახაროვამ.
ამასთან რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა გააფრთხილა ერევანი, რომ დამნაშავეების ძებნის ცდუნებამ იმაში, რაც არ გამოვიდა, „შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიღოს, რაც სახიფათოა სომხეთისთვის“.
გასულ პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი ვაგარშაკ არუთუნიანი გამოიძახა „ერევნის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯების სერიის გამო“. მათ შორის იყო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყება, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ჩასვლა და ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა კიევის რეჟიმისთვის, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-თან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება.
გარდა ამისა, არუთუნიანს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის ალენ სიმონიანის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მარია ზახაროვასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით. ამასთან რუსულმა საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოთქვა ბლოგერ მიქაელ ბადალიანისა და „Sputnik–სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორქიანის დაკავების გამო.