თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის კულიარებში.
მისი თქმით, დღევანდელი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა — ეს, „უდავოდ, ის გეოპოლიტიკური ცვლილებებია, რომლებიც თეორიულად კი არ მიმდინარეობს, არამედ კონკრეტული კონტურები აქვს“.
ზახაროვამ „აშშ-ის მიერ შექმნილი უსასრულო კრიზისებიდან“ გამოსავლად „დიდი ოცეულის მიერ გამოხატული სინერგია", BRICS-ის გაფართოება, მსოფლიოში დედოლარიზაციის პროცესები და ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორებაზე გადასვლა დაასახელა.
„რა თქმა უნდა, ამ ფონზე ორმხრივი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაცია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის", — განაცხადა მან.
ამასთან ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, უკვე აღდგენის პროცესშია.
„ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. არის და რჩება კიდევ საკითხები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დიპლომატები და ქვეყნების სხვადასხვა დონის ხელმძღვანელები სწორედ იმიტომ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ურთიერთპატივისცემით გადალახონ და გადაწყვიტონ, როგორც ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ", — აღნიშნა მან.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი დღეს შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ზუსტი ადგილი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.