თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თურქეთმა და რუსეთმა აქტიურად დაიწყეს ურთიერთგადახდებში ეროვნულ ვალუტაზე გადასვლის სფეროების გაფართოებაზე მუშაობა, განუცხადა რია ნოვოსტის თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაში არსებულმა წყარომ.
მისი თქმით, მხარეებს ესმით, რომ პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ მათ აქვთ პოლიტიკური ნება, რომელიც უმაღლეს დონეზეა გაცხადებული.
„ჩვენ ახლა აქტიურად ვმსჯელობთ რუს პარტნიორებთან იმ სფეროებზე, რომლებშიც ეროვნულ ვალუტაზე გადასვლა შეგვიძლია. თქვენ იცით, რომ ეს პროცესი დაიწყო ენერგეტიკის სექტორში, გაზის შესყიდვებში. <...> პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს პოლიტიკური ნება და კონკრეტული ამოცანები", — განაცხადა წყარომ.
სექტემბრის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ანგარიშსწორებაში ეროვნული ვალუტების გამოყენების ტენდენცია იზრდება, ხოლო დოლარსა და ევროში ანგარიშსწორების წილი მცირდება. თავის მხრივ, ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ეროვნულ ვალუტაზე გადასვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, თურქული ბიზნესი ზრდის სავაჭრო ოპერაციებს რუსული ელექტრონული კომერციის კომპანიების მეშვეობით და ანგარიშსწორებას რუბლში ახორციელებს. გაზეთი Aydınlık-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში 428,8 მილიონი დოლარის ღირებულების საექსპორტო მიწოდებები სწორედ რუბლშია გადახდილი.