თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვმა ყველა ზღვარი გადალახა „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელის ვიტალი დენისოვის ქვეყნიდან გაძევებით, რომელსაც მოლდოვაში მუშაობისთვის საჭირო ყველა ნებართვა აქვს, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
„მოლდოვის ხელისუფლების დამანგრეველი პოლიტიკა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ადეკვატურობის ყველა ზღვარს გადადის“, — აღნიშნა მან.
მანამდე „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ მას მოლდოვიდან აძევებენ და 10 წლით უკრძალავენ ქვეყანაში შესვლას.
მისი თქმით, მიგრაციული სამსახურის თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს, მანქანაში ჩასვეს და აეროპორტში წაიყვანეს პირველივე რეისით დეპორტაციისთვის.
„არ მომცეს ნივთების მოგროვების, შინაური ცხოველების წაყვანის შესაძლებლობა. გადმომცეს დადგენილება, რომ მოლდოვაში შესვლა 10 წლით ამეკრძალა. ელჩი საქმის კურსში ჩააყენეს“, — თქვა ჟურნალისტმა.
დენისოვის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უშიშროებისთვის.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოლდოვის ინფორმაციისა და უშიშროების სამსახურმა „Sputnik–მოლდოვა“ დაბლოკა. ამის მიზეზად „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დეზინფორმაციის" გავრცელების რისკი დაასახელა. 7 მარტიდან შეწყდა სააგენტოს რადიოსადგურის მაუწყებლობაც. რუსეთის საელჩომ დაგმო კიშინიოვის მოქმედება და „Sputnik–მოლდოვის“ მიმართ ბრალდებებს არაობიექტური და პოლიტიზებული უწოდა.