თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული სერჯიუ გონჩერენკო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ქვეყნიდან „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელ ვიტალი დენისოვის გაძევებასთან დაკავშირებით, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„აღნიშნული მოქალაქე მოლდოვის რესუბლიკის საშინაო საქმეებში ერეოდა და ამასთან საშიშროებას უქმნიდა საინფორმაციო უსაფრთხოებას“, — განმარტა დიპლომატმა ჟურნალისტის გაძევების საფუძველი.
მისი თქმით, ასეთი მონაცემები მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა.
მანამდე „ Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელმა ვიტალი დენისოვმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ მოლდოვიდან აძევებენ. მისი თქმით, კიშინიოვში მდებარე ბინაში მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს და აეროპორტში წაიყვანეს, საიდანაც პირველივე რეისით უპირებდნენ დეპორტაციას.
დენისოვის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი. როგორც მან განაცხადა, მოლდოვის ხელისუფლების დამანგრეველი პოლიტიკა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ყველა ადეკვატურ საზღვარს სცდება.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოლდოვის საინფორმაციო და უშიშროების სამსახურმა „Sputnik–მოლდოვა“ დაბლოკა. ამის მიზეზად „ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემცველი დეზინფორმაციის" გავრცელების რისკი დაასახელა. 7 მარტიდან შეწყდა სააგენტოს რადიოსადგურის მაუწყებლობაც. რუსეთის საელჩომ დაგმო კიშინიოვის მოქმედება და „Sputnik–მოლდოვის“ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არაობიექტური და პოლიტიზებული უწოდა.