თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ვერტოდრომების ასაშენებლად 333 ლოკაცია შეაფასა, იუწყება მედიაპლატფორმა Commersant საინფორმაციო სააგენტო Interpressnews-ზე დაყრდნობით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ვერტოდრომების მშენებლობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილები ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილების ტექნიკური თვალსაზრისით შესწავლა და შეიმუშავა ვერტმფრენებისთვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლის ანგარიში“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში საავიაციო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით.
კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული აეროპორტის, ისე ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებას.
ქუთაისის აეროპორტში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებისა და აშენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მალე ერთ მილიონს მიაღწევს, ამიტომაც ის სათანადო ყურადღებას საჭიროებს.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისთვის 85 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა მან სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.
ასევე, იგეგმება თელავის აეროპორტის რეაბილიტაცია, ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაგრძელება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, შიდა ფრენების და ტურიზმის სტიმულირებას.
პროექტის განსახორციელებლად 25 მლნ ლარი გამოყვეს.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები 2,5 მლნ მგზავრს მოემსახურნენ.