თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგმა სექტემბერში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მარტის შემდეგ და 42% შეადგინა, ნათქვამია Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Ipsos ხაზს უსვამს, რომ ამას ხელი შეუწყო დემოკრატიული პარტიის წევრების მხარდაჭერამ, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა ბაიდენის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მისაღწევად ოფიციალური გამოძიება დაიწყეს.
ამასთან, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენის პოპულარობის დონე უმნიშვნელოდ, მხოლოდ 2%-ით არის გაზრდილი აგვისტოსთან შედარებით. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის მოღვაწეობა რესპონდენტთა 40%-მა მოიწონა.
როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ჯო ბაიდენს დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მომხრეების 80% უჭერს მხარს, რაც ასევე უმნიშვნელოდ მეტია აგვისტოს მონაცემებზე. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათი 91% უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელად რჩება 50%-ზე დაბლა.
როგორც Reuters/Ipsos-ის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, ამერიკელების უმთავრეს საზრუნავად კვლავ ეკონომიკა რჩება: რესპონდენტთა 23%-მა განაცხადა, რომ ეკონომიკა — დღეს აშშ-ის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
გამოკითხულთა 13%-ს კი უმთავრეს პრობლემად დანაშაული და კორუფცია მიაჩნია.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა სამი დღის განმავლობაში ტარდებოდა ონლაინ და 1029 ზრდასრული ამერიკელი მოიცვა. გამოკითხვის ცდომილების ალბათობა +-3%-ია.
წყარო: Reuters