სარჯველაძე: ევროკავშირის გაფართოება მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირის უსაფრთოებისთვის

საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში ელოდება.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის გაფართოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.

„განწყობა არის იმ მიმართულებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს. ევროკავშირის გაფართოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ კანდიდატი სახელმწიფოებისთვის, არამედ ევროკავშირის უსაფრთხოებისთვისაც", – განაცხადა სარჯველაძემ სტრასბურგში, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის განსხვავებული შეხედულებები.
„გვქონდა შესაძლებლობა ამ საკითხზე რამდენიმე დისკუსია გაგვემართა. მოლოდინები ამ მიმართულებით, ალბათ, უფრო პოზიტიური უნდა იყოს, რადგანაც ყველა საკითხში, რომელიც მიიჩნევა კრიტერიუმად კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველოს ამ კუთხით ძალიან სერიოზული შესაძლებლობები აქვს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
„კატეგორიულად მიუღებელია": თბილისმა პოდოლიაკის განცხადებას მკაცრად უპასუხა>>>
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.