მსოფლიო დღეს

ვან გოგის ნახატი იპოვეს! 3 წლის წინ მოპარული შედევრი მუზეუმში დაბრუნდა

Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ნიდერლანდში იპოვეს ვინსენტ ვან გოგის ნახატი, რომელიც 2020 წელს მოიპარეს COVID-19-ის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს, იუწყება გრონინგენის მუზეუმი, რომელსაც ეკუთვნის სწორედ ეს ტილო.
როგორც ირკვევა, ვან გოგის შედევრთან დაკავშირებულ მთელ პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულა ცნობილმა ნიდერლანდელმა არტ-დეტექტივმა არტურ ბრანდმა.

„ვინსენტ ვან გოგი დაბრუნდა! ნიდერლანდის პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ვან გოგის „გაზაფხულის ბაღის“ (1884 წ.) დაბრუნება შევძელი. სურათი 3 წლის წინ მოიპარეს, ზუსტად ვან გოგის დაბადების დღეს. მშვენიერი დღეა ვან გოგის ყველა მოყვარულისთვის მთელ მსოფლიოში“, — ნათქვამია დეტექტივ ბრანდის X-აკაუნტზე.

გავრცელებული ცნობით, ნახატი მცირედ დაზიანებულია, თუმცა, ერთი შეხედვით, კარგ მდგომარეობაშია.
ამ დროისათვის „გაზაფხულის ბაღი“ ამსტერდამის მუზეუმშია, საიდანაც მშობლიურ მუზეუმში გადატანას რამდენიმე კვირა ან თვეც კი დასჭირდება.