ევრო-2024: საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩში ნორვეგიასთან დამარცხდა

მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 15 ოქტომბერს კვიპროსის წინააღმდეგ თბილისში გამართავენ
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრები ოსლოში ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩში ნორვეგიის ნაკრებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. ფორვარდების - ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის წყვილმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე შედარებით სახიფათო მომენტი შექმნა.
პირველი ტაიმის 25-ე წუთზე სურათი შეიცვალა - მეტოქეებმა დომინირება დაიწყეს. ანტონიო ნუსას ერთ-ერთი პასი საჯარიმოში ერლინგ ჰოლანდის გოლით დასრულდა - 1:0. 12 წუთის შემდეგ იმავე ნუსას ჩაწოდებით მარტინ ედეგორმა ანგარიში გაზარდა - 2:0.
მეორე ტაიმში ვილი სანიოლმა თავდამსხმელი მიქაუტაძე/დავითაშვილის წყვილი ზივზივაძე/ჩაკვეტაძის დუეტით შეცვალა.
შეცვლამ მოგვიანებით შედეგი გამოიღო. დამატებით დროში თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა - 1:2. ბოლო წუთებში გოლის გატანის შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ქართველი თავდამსხმელის დარტყმა მოიგერია.
მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარის მიმართულებით სულ ექვსჯერ დაარტყა. ნორვეგიელებმა - 15-ჯერ. ვილი სანიოლის შეგირდებს არცერთი კუთხური არ ჩაუწოდებიათ.
პარალელურად А ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა - ესპანეთი კვიპროსს შეხვდა. ესპანელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ყველა შეტევა დასაწყისშივე ჩაახშეს - 6:0. ახლა ისინი შოტლანდიის ნაკრებს 6 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ერთი თამაში კიდევ წინ აქვთ.
А ჯგუფში გუნდების შედეგები:
1.
შოტლანდია – 5 თამაში, 15 ქულა
2.
ესპანეთი – 4 თამაში, 9 ქულა
3.
ნორვეგია – 5 თამაში, 7 ქულა
4.
საქართველო – 5 თამაში, 4 ქულა
5.
კვიპროსი – 5 თამაში, 0 ქულა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები გამართავს 15 ოქტომბერს თბილისში კვიპროსის ნაკრებთან, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.