საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალებულთა შორის ორი მსჯავრდებული ქალია.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
ოთხ მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ორი მსჯავრდებული ქალია.
პრეზიდენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გამოსცემს შეწყალების აქტს ინდივიდუალურად, განსაზღვრული პირის მიმართ.
შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს, ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.