თბილისის მერია: თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თამარაშვილის ქუჩა ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თამარაშვილის ქუჩა, რომელიც ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს, ხუთი დღის განმავლობაში დღეში რამდენიმე საათით გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 13-17 სექტემბერს, 24:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში.
მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩაზე უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან გიორგი წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ მონაკვეთში.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.