თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. კრემლი მოლაპარაკებებს აწარმოებს დასავლეთთან ვადიმ კრასიკოვის შესაძლო ექსტრადირებაზე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ჩეჩენ ამბოხებულთა ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის და რომელიც ამჟამად გერმანიაში იხდის სასჯელს, იუწყება Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია კრასიკოვის გაცვლაზე, მათ შორის, ამერიკელ ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანზე და WSJ-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩზე. ეს უკანასკნელი 29 მარტს დააკავეს რუსეთში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტური დავალების შესრულების დროს. ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, რასაც თავად გერშკოვიჩი, WSJ და ამერიკული ხელისუფლება უარყოფენ.
„ყოფილი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელსაც კავშირები ჰქონდა რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან, [კრასიკოვისთვის] განაჩენის გამოტანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საკითხებში თავის მთავარ მრჩეველს ნიკოლაი პატრუშევს დაავალა, შეესწავლა პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა კრასიკოვის გათავისუფლების მიზნით. ეს ხაზს უსვამს კრასიკოვის ფასეულობას პუტინისთვის“, − წერს WSJ.
დასავლეთის მთავრობებში არსებული წყაროების თქმით, მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ წამოჭრა კრასიკოვის გათავისუფლების საკითხი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისას. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ კრასიკოვი ცენტრალურ როლს ასრულებს შეერთებული შტატების ძალისხმევაში, რომელიც რუსეთში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ეხება.
დასავლელმა მაღალჩინოსანმა წყარომ, რომელიც რუსეთთან გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ „პუტინი მხოლოდ კრასიკოვის გაცვლითაა დაინტერესებული“.
ბერლინს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია კრასიკოვის გაცვლასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ასეთი გაცვლა შესაძლოა იურიდიული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდეს, ვინაიდან გასულ წელს გერმანიაში მიიღეს ვერდიქტი, რომელიც მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ექსტრადიციას კრძალავს.
წყარო: WSJ