თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში დღეიდან წარჩინებული სტუდენტების სტიპენდია 150-დან 300 ლარამდე გაიზარდა, ასევე გაორმაგდა სტიპენდიატების რაოდენობა - 2500-დან 5000-მდე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა, რაც 0,9%- მეტია, ვიდრე წინა სასწავლო წელს.
„დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 2.500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას, დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან თითო სტუდენტზე გახდება სამასი ლარი და 5 ათასი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, შემუშავდება სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმები, შემდეგ კი განათლების მინისტრი დაამტკიცებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ნიჭიერი სტუდენტების უცხოეთში სახელმწიფო ხარჯზე სწავლის პროექტის გაფართოებაზე მუშაობს.
ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს, 2013-2015 წლებში დაფუძნდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის დახმარებითაც უცხოეთში უფასოდ სწავლობდა ათასზე მეტი ადამიანი.
„ჩვენ ათასზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან და არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან. ეს ჩვენი სიმდიდრე, სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს მეტად გავაძლიერებთ. ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.