საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინელი ტურისტები მთელ მსოფლიოში ყველაზე სასურველ ტურისტებად არიან მიჩნეული, აღნიშნა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურისტები ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში – ევროპაში, აშშ-ში, ყველგან ყველაზე სასურველ ტურისტებად არიან მიჩნეული. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ავიამომისვლა არსებობს.
„მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც... გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან. მეტი ტურისტი გვინდა ჩამოვიდეს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება", – განაცხადა პრემიერმა.
ელჩი: ჩინეთი ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულია>>
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა თავის ვიზიტზე ჩინეთში, რომლის ფარგლებში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მან ამ ვიზიტს წარმატებული უწოდა.

„ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და, ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება", – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მიმდინარე წლის ივლისში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდოს.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. იმ დროიდან ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული.
ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ>>
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.