თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. რეაგირება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან აუცილებელი იყო მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არა აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, 7 სექტემბერს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არც მომავალში აპირებს დაემორჩილოს ვიზიტების განხორციელებაზე მთავრობის აკრძალვას. იმ დროისათვის „ქართულმა ოცნებამ" უკვე დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, რადგან, მათი თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
„ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ რთული იქნებოდა იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, რადგან საკმარისი ხმები არ არსებობს. თუმცა, აღნიშნული საკითხის რეაგირების გარეშე დატოვებაც ძალიან მძიმე იქნებოდა. საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, თან მაღალი რანგის თანამდებობის პირის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რეაგირების მოხდენა საჭირო და აუცილებელი იყო", – განაცხადა კალაძემ.
მთავრობის უარი საზღვარგარეთულ ვიზიტებზე იმით იყო განმარტებული, რომ ზურაბიშვილი მხარს უჭერს ოპოზიციის ნარატივს და აკეთებს განცხადებებს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას აზიანებს – რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ევროკავშირის პირობების შესრულებისთვის. თავად ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ევროპაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აგიტაციისთვის გაემგზავრა.
რაც შეეხება იმპიჩმენტს, მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, გასაგებია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიღწევა არარეალურია, მაგრამ თვალის დახუჭვა ქვეყნის მთავარი კანონის უხეშ დარღვევაზე არ შეიძლება.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ვროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.