თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები ენდობიან სტაბილურ, მყარ და პროგნოზირებად გარემოს, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა სწორი სამთავრობო პოლიტიკის წყალობით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 505,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 29,9%-ით მეტია.
„ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში. ენდობიან ამ გარემოს, რომელიც შექმნილია, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და, ზოგადად, პროგნოზირებადობას, და ეს ძალიან სასიხარულოა... ეს კიდევ და კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ სტაბილურობაა ქვეყანაში და ისინი ენდობიან ჩვენ მიერ შექმნილ კონკურენტულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელია ბიზნესისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2022 წელს დაფიქსირდა ინვესტიციების რეკორდული მოცულობა, როდესაც საქართველოში 2 მლრდ დოლარზე მეტი შემოვიდა.
„წელს, მეგობრებო, ასევე ძალიან კარგად დავიწყეთ წელი. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა მეორე კვარტალში. ჯამურად, პირველ ექვს თვეში, იანვარ-ივნისში 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ხოლო თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცულობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში არ იქნებოდა არც ეკონომიკური ზრდა, არც ინვესტიციები და, პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ „უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ე.წ. პოლიტიკოსები“.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს, რაც ეროვნულ ვალუტას გაამყარებს.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდი და აშშ.
რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.