მოციგურავეებმა საქართველოდან იტალიაში ტურნირზე სამი მედალი მოიგეს

საუკეთესო შედეგი აჩვენა ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ამ სეზონის "ჩელენჯერის" საერთაშორისო ტურნირზე Lombardia Trophy იტალიის ქალაქ ბერგამოში სამი მედალი მოიპოვეს.
საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ინდივიდუალურ გამოსვლაში ოქრო მოიპოვა და 14 მოციგურავეს შორის საუკეთესო გახდა. გუბანოვასთვის ეს ამ სეზონში პირველი საერთაშორისო ტურნირია.
ანასტასია გუბანოვა
სპორტულ ცეკვებში მესამე ადგილი დაიკავა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა. ორი პროგრამის ჯამში მათ 180,99 ქულა დააგროვეს, რაც საკმარისი გახდა იმისთვის, რომ საუკეთესოთა სამეულში მოხვედრილიყვნენ.
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია
ქართველმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ კი მეორე ადგილი დაიკავა.
ეგაძემ ორი პროგრამის ჯამში 243,35 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი მხოლოდ იაპონელ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს იუმა კაგიიამას დაუთმო.