ქუთაისიდან რაჭისკენ მიმავალი მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით შემოვლითი გზით ისარგებლებს

ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზაზე დაბზარული გზა ხელოვნურად ჩამოშალეს.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დროებითი შემოვლითი გზით, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილიდან დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოების გამო აიკრძალა.
დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნული საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე სამუშაოების დროს კი ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზაზე დაბზარული გზა ხელოვნურად ჩამოშალეს.
კერძოდ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოიშალა მიწის მცირე მასა, რის შემდეგაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში.

„დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად, მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი