Georgian Airways-ს ვალი არ აქვს - ავიაკომპანიამ ტელეარხი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა

Georgian Airways-ის ყოფილი ხელმძღვანელი მისი საქმიანი იმიჯის შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს" ბიუჯეტის დავალიანება აქვს, განაცხადა კომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა.
ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტებში, რომელთა ნამდვილობაც არ არის დადგენილი, ნათქვამია, რომ გაიაშვილი 2019 წელს ცდილობდა შეხვედროდა სახელმწიფოს პირველ პირებს და გადაეჭრა Georgian Airways-ის 20 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანების საკითხი. ამისათვის მან, თითქოს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს მიმართა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, მას მხარდაჭერას დაჰპირდა.

„მინდა ყურადღება გავამახვილო „მთავარი არხის“ გუშინდელ სიუჟეტზე. ითქვა მტკნარი სიცრუე, თითქოს „ჯორჯიან ეარვეისს“ საბიუჯეტო დავალიანება აქვს. კომპანიას არასდროს გააჩნდა და არც დღეს გააჩნია საბიუჯეტო დავალიანება“, – განაცხადა გაიაშვილმა.

ბოლო დღეებში მიმდინარეობს „ჯორჯიან ეარვეისის“ იმიჯის მიზანმიმართული შელახვა, ესაა როგორც მთავრობის, ისე კომპანიის საწინააღმდეგოდ მიმართული მიზანმიმართული კამპანია, აღნიშნა მან.
პრეზიდენტის იმპიჩმენტიდან ყურადღების გადატანა - კალაძე პრემიერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით >>
ავიაკომპანია Georgian Airways ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა „TV პირველის“ სიუჟეტის შემდეგ, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად და სახელმწიფო დაცვის თანხლებით აშშ-ში კერძო ვიზიტით სახელმწიფო ხარჯებით გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი მიუნხენის გავლით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩაფრინდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.
ამავე თემას მიეძღვნა სიუჟეტიც, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა. გაიაშვილის თქმით, გამოთქმული ბრალდებების გამო ის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

„გაჟღერდა სიცრუე პირადად ჩემ მიმართ, ესაა ჩემი, როგორც ბიზნესმენის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ეს არის ჩემი საქმიანი იმიჯის შელახვა და ვაპირებ სასამართლოში ვუჩივლო. მე კომპანიის არც გენერალური დირექტორი გახლავართ, არც მისი დამფუძნებელი და ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

„მთავარი არხის“ სიუჟეტში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დაადასტურა, რომ გაიაშვილთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს. მაგრამ მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაიაშვილის კომპანიის პრობლემების გადაჭრაში იყო ჩართული.
ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავის ექსპლუატაციას ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის მიუნხენში სახელმწიფო ხარჯებით გადაყვანა დაავალა.
სიუჟეტში არის თავად Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ამ თვითმფრინავით რეისების განხორციელების დავალებებს სწორედ ჩუბინიძისგან იღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოგზაურობის მიზანი მას არ ეხება.
ეს „TV პირველის“ მეორე სიუჟეტია ღარიბაშვილის აშშ-ში გამგზავრების შესახებ. პირველი სიუჟეტი აგვისტოს ბოლოს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის დეკლარაციიდან გამომდინარე, მას ფინანსურად საკმაოდ უჭირს, და რომ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამის ფინანსური მხარდაჭერა, ის ბანკის სესხსაც კი ვერ დაფარავდა.
ოდიშარია: ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ვერ მიაღწევს, მას კანონი არ დაურღვევია >>
რაც შეეხება ღარიბაშვილის გამგზავრების მიზანს, ის გაემგზავრა აშშ-ში ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა, განმარტა „სტრატკომის“ ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს-სკოლაში ჩაირიცხა, 2022 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა გაავრცელა.
პრემიერის და მისი ვაჟის აშშ-ში გამგზავრება სკანდალად იქცა - მთავრობის განმარტება >>
მთავრობის სტრატკომის განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ამ უწყებას უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული თუ კერძო პირებისგან. მთავრობაში აღნიშნეს, რომ მსგავსი კომერციული რეისი მანამდე არაერთხელ შესრულებულა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
ოპოზიციის ნაწილმა ღარიბაშვილი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაში დაადანაშაულა, ხოლო ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის შემდეგ პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საფუძველი არ არსებობს.