თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის საჭირო საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება იმის გამოა მიღებული, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, არღვევს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებაში კონსტიტუციის ყველა მოთხოვნას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
პროცედურის დასაწყებად საკმარისია 50 ხელმოწერა, თუმცა მმართველმა პარტიამ სულ შეაგროვა საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა. რადგან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაადასტურა ხელმოწერების ნამდვილობა, ახლა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
ლუსტრაციის პროცესი
დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, რომელიც დაიწყო ზუსტად ამ ხელმოწერებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს – გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
„დაიწყო ლუსტრაცია იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ აუბამს მხარს ამ პროცესს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რომელიც გამყარებულია ასევე კონსტიტუციით. ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი“, – განაცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებთან.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.