თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, 9.738 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 336 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2,7 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 55 ქალი და 15 არასრულწლოვანია. 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 83,5%-ით იყო შევსებული.
2023 წლის 1 ივლისისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,4%.
მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 19 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 54 პირი.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2023 წლის 1 აგვისტოსთვის განაჩენს ელოდებოდა დაახლოებით 1,8 ათასი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 23 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 5 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათგან ძირითადი ნაწილი -ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 180 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2023 წლის 1 აგვისტოსთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 51 ქვეყნის 746 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 7,7%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია. მათგან ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვანია, 72 - ქალია.
რუსთავის ციხე
© photo: Sputnik / Stringer
საქართველოში უცხოელთა მეოთხედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პატიმართა სიკვდილიანობა
საქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა.
ერთის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა, მეორის - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორის - სეფსისი და თირკმლის დაავადებები, ერთის - ტვინის ინფარქტი ცერებროვასკულარული დაავადების ფონზე, ერთის - სუიციდი, ერთის - გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 23,8 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 110 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 388 უცხოელი 28 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 31 ქალი და 4 არასრულწლოვანია.