სამეგრელოში მეწყრის ფორმირების ნიშნები არ ფიქსირდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

სახეზეა მდინარეში წყლის დონის სეზონური შემცირება, განაცხადეს სპეციალისტებმა, რომლებმაც ტერიტორიას ვერტმფრენით შემოუფრინეს
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. წალენჯიხის რაიონში, მდინარე მაგანას ხეობასა და მის შენაკადებზე შეგუბებები ან რაიმე ტიპის მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების კვალი არ დაფიქსირებულა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სტიქიური უბედურება გურიაში: რამდენი ოჯახი ექვემდებარება გასახლებას >>
დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზი. მათი თქმით, სახეზეა მდინარეში წყლის დონის სეზონური შემცირება, ნათქვამია რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით - მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით.
ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია, აღნიშნეს უწყებაში.
გარდა ამისა, 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შესწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაღალმთიან კურორტ შოვში 3 აგვისტოს მომაკვდინებელი მეწყერის შემდეგ მოსახლეობა მეტად ყურადღებიანი და დაკვირვებული გახდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ეძებენ.
ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებდა, რომ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები მყინვარული ტბის გარღვევის გამო დაიწყო. ტბა, მათი თქმით, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს ვერავინ შეამჩნია, ამიტომ ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა და ადამიანები დაიღუპნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა ეს ვერსია უარყვეს, ვინაიდან მდინარე ჭანჭახში, რომელშიც მდინარე ბუბისწყალი ჩაედინება, მონიტორინგის სადგურის ინფორმაციით, წყლის დონე არ დაწეულა.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
როგორც სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია.