„ნაცმოძრაობამ“ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია დაკარგა

ფრაქციის დატოვების მიზეზად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაასახელეს კონფლიქტი პარტიის ხელმძღვანელობასთან.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ახალციხის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის ფრაქცია დატოვა, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.
„6-მა დეპუტატმა ნამდვილად დატოვა „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია. გუშინ შემოიტანეს გაფორმებული, ხელმოწერილი ოქმი და ჩვენთან ეს ოქმი დარეგისტრირდა“, - განაცხადა ლომიძემ.
ფრაქციის დატოვების მიზეზად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაასახელეს კონფლიქტი პარტიის ხელმძღვანელობასთან.
„მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ ენმ-თან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა ახალი მენეჯმენტიდან ჩვენი განსხვავებული პოზიციების გამო. მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია“, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
რა ხდება ენმ-ში
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილი ენმ-ის ფორმალური ლიდერია და პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
„ქართული ოცნება“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.