თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. აჭარის მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგებით ჩარიცხულ სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტუდენტები წახალისების მიზნით 1000 და 2000 ლარიან ჯილდოს მიიღებენ.
უწყების ცნობით, ფულადი ჯილდო უმაღლეს სასწავლებლებში 70% და 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ პირველკურსელებს გადაეცემა. მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილება გააცნო.
წელს აჭარის რეგიონიდან 3,3 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის 150 სტუდენტი 70% და 100% გრანტით.
„აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა ახორციელებს სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ. სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ბიუჯეტი და შესაბამისად სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, რამდენიმე წელია მაღალმთიან აჭარაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისთვის, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დამატებით, უფასოდ გაიარონ კურსები სხვადასხვა საგანში.