თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air გეგმავენ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას ავიაკომპანიაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკითხი განიხილებოდა ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის უნგრეთში სამუშაო ვიზიტის დროს.
„შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას, როგორიცაა WizzAir-ი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ Wizz Air ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიაში.
ვიცე-პრემიერმა უნგრული ავიაკომპანიის ხელმძღვანელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, სადაც უნგრული ავიაკომპანიაა ბაზირებული.
აღინიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტში, 18 თვეში 3,5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი შევა ექსპლუატაციაში, რომელიც შეძლებს, ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახუროს და მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას შექმნის.
ასევე, ყურადღება გამახვილდა ავიაციის სწრაფი აღდგენის ტენდენციებზე საქართველოში, რაც დადებითად აისახა ქვეყანაში ტურისტული სფეროს განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებაა.
Wizz Air-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია WizzAir-ისთვის, საიდანაც მგზავრთნაკადმა 2019 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა.
დღეისათვის უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში საჰაერო გადაზიდვებში ლიდერობს - 2022 წელს ის 630 ათას მგზავრს მოემსახურა.
ავიაკომპანია WizzAir ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
WizzAir ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. თუმცა 2021 წლის 1 თებერვლიდან კომპანიამ ავიამიმოსვლა განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.
ამ დროისათვის ეს ავიაკომპანია პირველია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. 2022 წელს WizzAir-მა 630 ათასი მგზავრი გადაიყვანა.