თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დაიტბორა ეზოები და გზის სავალი ნაწილი განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისისა და თავისუფლების ქუჩებზე.
რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები.
ტელეკომპანიის ცნობით, ამჟამად სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან. რა ზარალი მიადგა ქალაქს სტიქიის შედეგად, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.