წყალდიდობა და მეწყერი გურიაში: საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მაშველებმა გურიის რეგიონიდან, რომელიც 8 სექტემბერს წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაზარალდა, 62 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
8 სექტემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო გურიაში მდინარეები ადიდდა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან მისასვლელი გზები. ყველაზე მეტად დაზარალდა ლანჩხუთის რაიონის სოფლები სუფსა და ჯიხანჯირი და ოზურგეთის რაიონის სოფელი სილაური. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მოზარდია.
„62 ადამიანია გამოყვანილი როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მსგავსი ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დამატებითი ძალების მობილიზებას ამ დროისთვის არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე მეტი მობილიზებაა გაკეთებული. თუკი დადგება ვერტმფრენის საჭიროება მზადყოფნაში ვართ,"- აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
ამ დროისთვის ძირითადი ყურადღება გადატანილია გზების გაწმენდაზე. ამ დრომდე შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე მე-2 და მე-12 კილომეტრზე ქვათაცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.