თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 172-ე სეზონს ხსნის

სეზონს გახსნის დადგმა „აბესალომ და ეთერი“
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სექტემბერში 172-ე სეზონს ხსნის - მაყურებელს როგორც საპრემიერო, ასევე რეპერტუარული სპექტაკლები ელოდება, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
სეზონს 16 და 17 სექტემბერს ოპერა „აბესალომ და ეთერი“ გახსნის.
შემდეგ, 23 სექტემბერს, თეატრის მოყვარულები ალექს მაჭავარიანის ოპერა „ჰამლეტის“ პრემიერით (საკონცერტო წარმოდგენა) დატკბებიან. 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის სცენაზე გავა ბალეტი „გედების ტბა“.
ოპერისა და ბალეტის თეატრი ასევე ამზადებს ჯუზეპე ვერდის ოპერას „ბედის ძალა“, რომელიც 13-დან 21 ოქტომბრამდე იქნება ნაჩვენები.
ასევე 29-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის სცენაზე ბალეტი „დონ კიხოტი“ იქნება წარმოდგენილი.
სიმფონიური ორკესტრი ფრანკფურტის ძველი ოპერის სცენაზე
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაარსდა. 1874 წელს იქ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც შენობა მთლიანად განადგურდა. თეატრმა მუშაობა ახალ შენობაში 1896 წელს განაახლა. სეზონი გლინკას „ივან სუსანინით“ გაიხსნა.
1937 წელს თეატრს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. ამავე წელს თეატრი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის დამფუძნებლებმა ნინო რამიშვილმა და ილიკი სუხიშვილმა საკუთარი მოღვაწეობა სწორედ ოპერის თეატრის საბალეტო დასში დაიწყეს.
ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი – საქართველოს უდიდესი მუსიკალური თეატრია. ის ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული მუსიკალური კულტურის ცენტრი.