თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებში, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებს მიეწოდა.
საკონსულო აღრიცხვა - ეს არის საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მუდმივი ან დროებითი ყოფნის აღრიცხვა. საზღვარგარეთ ყოფნის კანონიერების დადასტურება საკონსულო რეგისტრაციისთვის სავალდებულო არ არის.
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია.
ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის საკონსულოშია რეგისტრირებული – 19.039 ადამიანი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (6.848) და აშშ (5.199).
რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციაში საკონსულოს აღრიცხვაზე საქართველოს 1.606 მოქალაქეა.
საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზეა საქართველოს 33.418 მოქალაქე. ამ ქვეყნებს შორის, საბერძნეთის გარდა, ლიდერები არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი.
იმისათვის, რომ მოქალაქე დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, მან საკონსულოში ან საელჩოში უნდა წარადგინოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შეავსოს ანკეტა.
საკონსულო აღრიცხვა ემსახურება მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ეფექტურობას და არ გულისხმობს სამართლებრივ ვალდებულებებს. ამასთან, საკონსულო აღრიცხვა იძლევა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.