„მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა“: სალომე ზურაბიშვილი ბოლო მოვლენებს გამოეხმაურა

პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა სტიქიის ზონაში დაღუპულთა ოჯახებს.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს გამოეხმაურა: გურიაში მომხდარი ტრაგედიას, რა დროსაც მეწყრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ასევე თბილისში, ეროვნული არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარს.
8 სექტემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო გურიაში მდინარეები ადიდდა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან მისასვლელი გზები. ყველაზე მეტად დაზარალდა ლანჩხუთის რაიონის სოფლები სუფსა და ჯიხანჯირი და ოზურგეთის რაიონის სოფელი სილაური. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მოზარდია.
წყალდიდობა და მეწყერი გურიაში: საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება >>
რაც შეეხება ხანძარს, ცეცხლი საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. მეხანძრეები შენობაში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ. არავინ არ დაშავდა, ხანძარი არ გავრცელებულა ეროვნული არქივის სხვა შენობებზე.
უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტმა თავის გზავნილში სამძიმარი გამოუცხადა სტიქიის ზონაში დაღუპულთა ოჯახებს.
„მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენ საზოგადოებას“, - დაწერა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, არქივის შენობაში გაჩენილი ხანძარი „მტკივნეულ იარებს აღვივებს - წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში“.
„ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთვნება, თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია...ვაგრძელებთ ძველებურად - ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!“ - დასასრულს დაწერა პრეზიდენტმა.
წყალდიდობითა და მეწყრით დაზარალებულ გურიის რეგიონში სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
რეგიონის ზოგიერთი სოფელი კვლავ მოწყვეტილია მთავარ გზებს. მაშველები იქ ფეხით მივიდნენ, რათა მოსახლეობისთვის დახმარება გაეწიათ.