გურიის სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მესამე ცხედარი იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გუშინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარიისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
მანამდე ოზურგეთის რაიონში მაშველებმა ორი ადამიანის — არასრულწლოვნისა და 80 წლის ქალის ცხედრები იპოვეს, რომელთა სახლებიც მეწყერმა მთლიანად გაანადგურა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისათვის საშიში ზონებიდან 50-მდე ადამიანია გაყვანილი უსაფრთხო ადგილებზე.

„ამ ეტაპზე არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ბოლომდე მისვლა. ითხოვენ გამოყვანასაც. ამის გამო ჩვენ მობილიზებული გვყავს მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რისი საშუალებითაც შევალთ იმ სოფლებში, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ მოხერხდა ბოლომდე მისვლა. ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვა საჭირო არ არის“, — აღნიშნა მღებრიშვილმა.

უამინდობის შედეგად გურიის რეგიონში ადიდებულია მდინარეები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მეწყერმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ათამდე სახლი ჩაიყოლა.