ლავროვი: იგეგმება „თურქული ნაკადისა“ და „ცისფერი ნაკადის“ აფეთქება

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება გაზსადენ „თურქული ნაკადისა" და „ცისფერი ნაკადის" აფეთქება, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, რუსული ფლოტი შავი ზღვის იმ მონაკვეთებს აკონტროლებს, სადაც გაზის მაგისტრალები გადის.

„თავდასხმა სცადეს სამხედრო გემებზე, რომლებიც გაზსადენ „თურქული ნაკადისა" და გაზსადენ „ცისფერი ნაკადის" მარშრუტზე პატრულირებდნენ. <...> შავი ზღვის ამ მონაკვეთების პატრულირება დაიწყო, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მათ აფეთქებასაც ცდილობენ, ისევე, როგორც „ჩრდილოეთის ნაკადები“ ააფეთქეს“, – განაცხადა ლავროვმა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, იმის თაობაზე, რომ „თურქულ ნაკადზე" თავდასხმის მცდელობები არსებობს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისას განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გაშვებული დრონებით ხორციელდება.
გაზსადენი „ცისფერი ნაკადი" განკუთვნილია რუსული ბუნებრივი აირის თურქეთში მიწოდებისთვის შავი ზღვის გავლით, მესამე ქვეყნების გვერდის ავლით. გაზსადენის საერთო სიგრძე 1.213 კილომეტრია.
„თურქული ნაკადი" — საექსპორტო გაზსადენია ასევე რუსეთიდან თურქეთში, შავი ზღვის გავლით. გაზსადენის ორი შტოდან პირველი თურქეთის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებისთვისაა განკუთვნილი, მეორე — სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაზმომარაგებისთვის.