თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი განავითარებს ურთიერთობებს ჩრდილოეთ კორეასთან, მიუხედავად რომელიმე მესამე ქვეყნის პოზიციისა, ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის ჯეიკ სალივანის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ფხენიანი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს.
„ჩვენ ფხენიანთან ჩვენი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ვაფასებთ ამ ურთიერთობებს. ის ჩვენი მეზობელია და, რა თქმა უნდა, მასთან ურთიერთობების განვითარებას განვაგრძობთ — სხვა ქვეყნების მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე", — განაცხადა პესკოვმა პრესკონფერენციაზე.
კრემლის წარმომადგენელმა არ უპასუხა კითხვას, იგეგმება თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ვიზიტი რუსეთში. ასეთი გეგმების შესახებ ადრე გაზეთი The New York Times წერდა.
აგვისტოს ბოლოს თეთრი სახლი სანქციებით დაემუქრა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაზრდის გამო. ვაშინგტონის ინფორმაციით, მოსკოვს სურს ფხენიანისგან მიიღოს ნედლეული თავდაცვისა და სამრეწველო კომპლექსისთვის.