თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ერთდროულად მოსულმა ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ ათეულობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სტიქიამ, რომელიც სულ 20 წუთი გრძელდებოდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ასზე მეტი სახლი დააზიანა. მძიმე მდგომარეობაა კაბალში, გურგენიანში.
ტელეკომპანიის ცნობით, გზის სავალ ნაწილზე გადახდილი სახურავები ყრია, დაზიანებულია ელექტროსადენები, მოგლეჯილია ბოძები, მოზრდილი ხეები, ზოგი ფესვებიანადაც კი. განადგურებულია ვენახების ნაწილი, ნათესები.
ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე სამი სოფლის 6 ათასამდე აბონენტი დარჩა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ბაისუბანში.
სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია. ამ ეტაპზე ჩახერგილი გზები უკვე გაწმინდეს. მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის აღსადგენად და ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად შექმნილი სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.
ტექნიკური სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
ეს კახეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტიქიის უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად ხუთი მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მეტად ახმეტა და თელავი დაზარალდა.