თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის ადრინდელი წესების გარკვეული ცვლილებებით დაბრუნებას აპირებს.
2023 წლის ივლისში, ოპოზიციისა და პრეზიდენტის პროტესტის მიუხედავად, ცესკოს თავმჯდომარის 5 წლის ვადით არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა 100-დან 76-მდე შემცირდა. გარდა ამისა, პარლამენტში კანდიდატების წარდგენის პრეროგატივაც პრეზიდენტისგან პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.
„გამომდინარე იქიდან, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შუალედურ შეფასებაში იყო კონკრეტული მოსაზრებები გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში", – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, რომელიც 2023 წლის 22 ივნისს გამოქვეყნდა, იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობიდან ერთ-ერთი შეასრულოს, საარჩევნო კოდექსში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით შესწორებების შეცვლაა საჭირო.
ინიციატივის დეტალები
მიქანაძის თქმით, მმართველი პარტიის ინიციატივა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ორეტაპიან სისტემაზე დაბრუნებას გულისხმობს. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა ხუთი წლის ვადით უნდა აირჩიოს 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 90 ხმას, ჩატარდება განმეორებითი კენჭისყრა და ცესკოს თავმჯდომარე გახდება კანდიდატი, რომელიც 76 ხმას მიიღებს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 76 ხმას, მაშინ ცესკოს თავმჯდომარის ერთპიროვნულად არჩევის უფლება გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც პირს კანდიდატთა სიიდან შეარჩევს და დანიშნავს მას თავმჯდომარის პოსტზე ან ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.
ივნისში მიღებულ ცვლილებებამდე მოქმედებდა შემდეგი სისტემა: ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა) ხუთი წლის ვადით ირჩევდნენ. თუ ხმები საკმარისი არ იყო, ტარდებოდა განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნიდა. თუმცა, ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენდა.
2021 წელს ამ ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტმა ვეღარ მოახერხა ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა.
თავმჯდომარის საკითხი
ამჟამად საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები შეინარჩუნა.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს.