ქუთაისის აეროპორტი მალე ნებისმიერი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს - გაერთიანების დირექტორი

სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მომავალში გახდება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც შეზღუდვების გარეშე შეძლებს დიდი ზომის თვითმფრინავების მიღებას, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) კომპანია „აბსოლუტ სერვისთან“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3,2 მლნ ლარია, რასაც აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.

„პროექტირების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მომსახურება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი კიდევ უფრო გაძლიერდება როგორც სატრანსპორტო ჰაბი – ლოგისტიკური და სამგზავრო გადაზიდვების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო სამუშაოები მოიცავს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის დაპროექტებას. რაც ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, რომელიც ნებისმიერი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს შეზღუდვების გარეშე.
ქუთაისის აეროპორტის განვითარებაზე 85 მლნ ლარი დაიხარჯება >>
ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, უნდა მოერგოს „ბოინგ 747“ ხომალდს. ეს კი შესაძლებლობას ქმნის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე.წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორ მანძილებზე ახალი ავიამიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების საშუალებას იძლევა.
ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება ასახულია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში – „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას.
ქუთაისის აეროპორტში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებისა და აშენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მალე ერთ მილიონს მიაღწევს, ამიტომაც ის სათანადო ყურადღებას საჭიროებს.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისთვის 85 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა მან სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.
მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა>>>
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის 7 თვეში 856.646 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 90%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის აეროპორტი 2.590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ივლისში კი რეისების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა – ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ივლისში 517 რეისს მოემსახურა.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.