თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. კრემლი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთის გეგმებს, რომელიც სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„სწავლებასთან დაკავშირებით: რა თქმა უნდა, ასეთი ახალი ამბავი სიფხიზლეს იწვევს, განსაკუთრებით, ამჟამინდელ სიტუაციაში. ამიტომ ამ ინფორმაციას ღრმად გავაანალიზებთ და თვალს მივადევნებთ სიტუაციას", — თქვა მან.
იმის თაობაზე, რომ სომხეთის სამშვიდობო ძალები 11-20 სექტემბერს ამერიკულ დანაყოფებთან ერთად ჩაატარებენ სწავლებას Eagle Partner-2023, დღეს გახდა ცნობილი. ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. მანევრების მთავარი მიზანი ოპერატიული თავსებადობის გაზრდა და გამოცდილების გაცვლაა.
აღსანიშნავია, რომ სომხურ-ამერიკული წვრთნები მოსკოვსა და ერევანს შორის რთული ურთიერთობების პირობებში გაიმართება. გასულ კვირაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის „99,9%-ით რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა“, და რომ რუსეთი თავად გადის კავკასიიდან.
მოგვიანებით ინტერვიუს პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, კრემლი ვერ დაეთანხმება სომხეთის ლიდერის თეზისს, ვინაიდან „რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია და <...> რუსეთი არ წავა სომხეთიდან".
ამასთან აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებზე, რომელიც ამ დროისათვის ბელარუსში მიმდინარეობს, სომხეთს თავისი სამხედროები არ გაუგზავნია — მიუხედავად იმისა, რომ ის ორგანიზაციის წევრია.