მსოფლიო დღეს

ყველა დაკავებულია: ბორნის ეკიპაჟმა მგზავრი ზღვაში ჩააგდო და მოკლა - შემზარავი ვიდეო

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ბორან Blue Horizon-ის ეკიპაჟის ორმა წევრმა ახალგაზრდა მამაკაცი პლატფორმიდან ხელისკვრით გადააგდო წყალში, რის შემდეგაც ის ხომალდის პროპელერმა ჩაითრია და მოკლა, იუწყება პორტალი ProtoThema.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც საბერძნეთში, პირეოსიდან ირაკლიონისკენ მიმავალ ბორანზე მოხდა, სოციალური ქსელებით გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ დაგვიანებული მგზავრი (როგორც შემდეგ დადგინდა, 36 წლის მამაკაცი) გასამგზავრებლად გამზადებული ბორნის პლატფორმაზე არბის, მაგრამ ეკიპაჟის ორი წევრი ხელისკვრით აგდებს მას ნაპირისკენ. მამაკაცი კვლავ ცდილობს ხომალდზე ასვლას, მაგრამ ორი მეზღვაური ისევ ხელისკვრით იცილებს მას თავიდან და სწორედ ამ დროს ვარდება ის წყალში.

„მამაკაცის ძალისხმევა ამაოა. ეკიპაჟის ორმა ტანმსხვილმა წევრმა მისი გადაგდება მოახერხა. მამაკაცმა წონასწორობა დაკარგა და ზღვაში ჩავარდა — დიდი სამგზავრო ბორნის მომუშავე მთავარი ძრავების ქვეშ“, — აკომენტარებს პორტალი ვიდეოზე ასახულ კადრებს.

ამ დროისათვის ბორნის კაპიტანი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორანი უდიდეს ბერძნულ საბორნე კომპანია Blue Star Ferries-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია Attica Group-ში შედის.
პორტალის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელმაც „გამაცოფებელი“ ვიდეო იხილა, „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეცვალოს ბორნის კაპიტანი და მთელი ეკიპაჟი“.
წყარო: ProtoThema