თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედრიან უოტსონმა.
მანამდე თეთრი სახლი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე.
„როგორც უკვე გაფრთხილებდით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი ამ დისკუსიების გაგრძელებას ელოდება — რუსეთის ლიდერთა დონეზე დიპლომატიური ურთიერთქმედების ჩათვლით“, — აღნიშნა უოტსონმა.
კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ პირველად გაზეთმა New York Times-მა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, კიმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს ძალიან იშვიათად ტოვებს, სავარაუდოდ, თავისი ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში და პუტინს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება, რომელიც 10-13 სექტემბერს იმართება.
„პუტინს სურს, რომ კიმმა რუსეთს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნოს. კიმს კი სურს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას უახლესი სატელიტური ტექნოლოგიები და ატომური წყალქვეშა ნავები მიაწოდოს", — წერს NYT დაზვერვაში არსებულ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც ედრიენ უოტსონმა განუცხადა ჟურნალისტებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას ცდილობდა დაერწმუნებინა ფხენიანი, მიეყიდა რუსეთისთვის საბრძოლო მასალები, ხოლო პუტინი და კიმი წერილობით თანხმდებოდნენ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკებები იარაღის მიწოდების შესახებ და შეასრულოს ფხენიანის მიერ საჯაროდ აღებული ვალდებულება – არ მიაწოდოს და არ მიჰყიდოს იარაღი რუსეთს", — განაცხადა უოტსონმა და იქვე დასძინა, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში შესაძლოა ახალი სანქციები დაწესდეს.
მოსკოვმა და ფხენიანმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია. როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ფხენიანსა და მოსკოვს არასდროს არანაირი გარიგება არ ჰქონიათ იარაღთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ „აბსურდული ჭორებია“. თავის მხრივ, რუსეთის ელჩი ფხენიანში ალექსანდრ მაცეგორა აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე საუბარიც კი არ არის, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეა ფაქტობრივად ომისწინა ვითარებაშია და არსენალი თავადვე სჭირდება.