თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში მანგანუმის საბადოს უმსხვილესი მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ (Georgian Manganese) წარმოების სიმძლავრე 1 სექტემბრიდან 25%-მდე შემცირდა, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
„1 სექტემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოო სიმძლავრეები 25%-მდე დავიყვანეთ, 11-დან 8 ღუმელი გავთიშეთ“, – განაცხადა თუთბერიძემ.
კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ დღემდე წარმოების სიმძლავრეს „ვარციხეჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარჯზე ახერხებდნენ, ჰესის გენერაციის შემცირებასთან ერთად კი ღუმელების გათიშვა გადაწყვიტეს.
„საწარმოო სიმძლავრეები ვარციხეჰესის წყალობით რაც გვქონდა, იმ პერიოდში ვმუშაობდით ჩვენს დენზე, ვარციხეჰესს კი გამომუშავების ძირითადი ნაწილი აქვს პირველ 7 თვეში, შემდგომ პერიოდში უკვე წყალი იკლებს, გამომუშავება იკლებს და, აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, რომ ეს ღუმელები გაგვეთიშა“, – განაცხადა მან.
თუთბერიძის თქმით, ახლა მუშაობს მხოლოდ სამი ღუმელი, საიდანაც ერთი დიდი სიმძლავრისაა, ხოლო ორი - მცირე.
კომპანიას სრულ საწარმოო სიმძლავრეზე მუშაობის დროს თვის განმავლობაში 20 ათასი ტონა სილიკონ-მანგანუმის წარმოების შესაძლებლობა აქვს. ღუმელების გათიშვის შემდეგ კომპანიას დაახლოებით 5 ათასი ტონა სილიკონ-მანგანუმის წარმოება შეუძლია.
„ეს შეესაბამება ელექტროენერგიის იმ მარაგს, რომელსაც „ვარციხეჰესის“ კასკადი გამოიმუშავებს და რაც მუშაობის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა თუთბერიძემ.
გარდა ამისა, თუთბერიძემ კომპანიაში არსებულ კრიზისზე ისაუბრა.
„მოლოდინებს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში – 6 თვეში გამოსწორების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად გვესახება თანამშრომლების ხელფასების გადახდის შესაძლებლობა და წარმოების გაგრძელება იმ სიმძლავრეებით, რაც ამისთვის იქნება საჭირო. დღეს ჩვენი გაყიდვები, რაც ხდება და ბაზარზე არსებული ფასი თვითღირებულებაზე 200 დოლარით იაფია“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება თანამშრომლების ხელფასს, კომპანია უკვე ერთი წლის განმავლობაში მას მოზიდული თანხებით იხდის.
„არსებული მზა პროდუქციის მარაგების გირავნობის ქვეშ გარე დაფინანსების წყაროების მოსაზიდად გათვლებს ვაკეთებთ, რათა მიმდინარე წელი და მომდევნო წლის პირველი კვარტალი გავიაროთ, სანამ კრიზისი არ გადაივლის“, – განაცხადა თუთბერიძემ.
მისი თქმით, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ თანამშრომლების ხელფასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნას.
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".