თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჯერჯერობით არ შეუძლია უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების გენოციდად შეფასება, განაცხადა გაეროს დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელმა ერიკ მიოსემ, რომელიც უკრაინაში დარღვევებს იძიებს.
„ჩვენ შესანიშნავად გვესმის შფოთვები და საყვედურები ამ დანაშაულებთან დაკავშირებით. ამიტომ საკითხს ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ. ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის იურიდიულ მოთხოვნებს შეესაბამება“, — განაცხადა მიოსემ.
მისი თქმით, დანაშაულის გენოციდად აღიარებისთვის საჭიროა არსებობდეს გარკვეული ჯგუფის ფიზიკური ან ბიოლოგიური განადგურების განზრახვა.
„ეს [დანაშაულის გენოციდად ცნობის] მკაცრი პირობებია, რომლებიც სასამართლო პრაქტიკითაა დამტკიცებული“, – განმარტა გაეროს კომისიის თავმჯდომარემ.
ამასთან მიოსემ ხაზი გაუსვა, რომ არსებული მონაცემებით, რუსულმა არმიამ უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე.
აღსანიშნავია, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის დარღვევის საქმეზე.
უკრაინის მოვლენების შემსწავლელი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია 2022 წლის მარტში შეიქმნა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გაეროს საბჭოს მიერ არის უფლებამოსილი, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა ყველა სავარაუდო დარღვევა-შელახვა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, ასევე მათთან დაკავშირებული დანაშაული „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კონტექსტში“.
წყარო: United Nations