ნადირობის სეზონი: ორ კვირაში უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა

საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნა და 2024 წლის 1 მარტს დასრულდება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს გაიხსნა.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში, 26 ფაქტი – იმერეთში, 11 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7-7 ფაქტი კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში კი 3-3 ფაქტი დაფიქსირდა.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.
ასევე დაფიქსირდა ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში სულ ამოღებულია 51 „მანოკი".
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
იხსნება ნადირობის სეზონი - ნაკრძალებში კონტროლი ძლიერდება>>>
საქართველოში ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრ რადიუსში და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრ რადიუსში. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.