თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი სამშაბათს პლენარულ სხდომაზე დეპუტატების ქეთევან დუმბაძისა და დავით სერგეენკოს საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს. ამის შესახებ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ამჟამად დუმბაძე და სერგეენკო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები არიან. ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის ქეთევან დუმბაძის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ის აგვისტოში საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორად დაინიშნა.
რაც შეეხება სერგეენკოს, პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ ის ერთი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს. საგაზაფხულო სესიის დროს გამართული 32 სხდომიდან სერგეენკო არ დასწრებია 25 სხდომას.
სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საბურთალოს №3 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, პარლამენტის იმ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით – აპრილში ან ოქტომბერში.
თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში შეწყდა – უახლოეს აპრილში. უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება. შესაბამისად, სერგეენკოს პარლამენტში ვერავინ შეცვლის და „ქართულ ოცნებას“ ერთი დეპუტატი გამოაკლდება.
მაგრამ დუმბაძისთვის მანდატის ჩამორთმევის შემთხვევაში, რომელიც პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა, საკანონმდებლო ორგანოში მის ადგილს სიიდან მომდევნო დაიკავებს.
ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 75 დეპუტატი ჰყავს.