თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გაეროს ახალი წინადადებები „მარცვლეულის გარიგების“ თაობაზე გულისხმობს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამზიდავი ხომალდების დაზღვევას შეეხება, იუწყება თურქული ტელეკომპანია A Haber.
„შეთავაზებების პაკეტში შეტანილია ისეთი პუნქტები, როგორიცაა გაეროს ჩარევა სადაზღვევო პრობლემების გადალახვაში და ზომების მიღება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც მარცვლეული პროდუქციის გადამზიდავი რუსული გემები აწყდებიან“, — აცხადებს ტელეარხი.
მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მარცვლეულის გარიგების განახლების თაობაზე წერილი გაუგზავნა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ვარაუდით, ამ დოკუმენტში „გაეროს წარსული იდეები ჯამდებოდა, რომლებმაც ვერ იმუშავეს".
როგორც გუტერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, გაეროს რუსეთის მხრიდან გუტერეშის წერილზე ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის გარიგებას, როგორც კი რუსეთი–გაეროს მემორანდუმის ყველა პუნქტი შესრულდება, გუტერეშის ახალ წინადადებებში კი იყო მხოლოდ დაპირებები, მაგრამ არა გარანტიები.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.