თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრი ქვეყნების სწავლებაზე „სკალა-2023", რომელიც ბელარუსში მიმდინარეობს, რადიაციული ავარიის დროს თავდაცვის ღონისძიებები მუშავდება, იუწყება „რია ნოვოსტი“ რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეს ბელარუსის ატომურ სადგურზე მოსახლეობის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ტაქტიკურ-სპეციალური სწავლებების აქტიური ფაზა მიმდინარეობს.
„სწავლების თემა რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური გამოწვევებიდან, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციების მზადყოფნის მაღალი დონის შენარჩუნების აუცილებლობიდან გამომდინარე განისაზღვრა რადიაციულ ავარიულ სიტუაციებზე რეაგირებისათვის", — აღნიშნეს პრეს-სამსახურში.
სწავლება „სკალა-2023“ ბელარუსში პირველად ტარდება. მანევრები 1 სექტემბერს დაიწყო და 6 სექტემბრამდე გასტანს. მასში მონაწილეობენ გუნდები ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და ტაჯიკეთიდან. სომხეთს სწავლებაზე საკუთარი წარმომადგენლები არ გაუგზავნია.
სწავლებაში ერთდროულად რამდენიმე ორგანიზაციის (საგანგებო სიტუაციების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ბელაესის, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და სხვ.), ასევე სახელმწიფო კორპორაცია „როსატომისა" და ბელარუსის წითელი ჯვრის საზოგადოების ძალები და საშუალებებია ჩართული. სწავლებაში 810-ზე მეტი ადამიანისა და 40 ერთეული ტექნიკის მონაწილეობა იგეგმება.