მდიდარი გასტრონომიული თავგადასავალი - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტატია მიუძღვნა სახელწოდებით „საქართველოს მდიდარი გასტრონომიული თავგადასავალი“, რომელშიც დეტალურადაა მოთხრობილი ქართული სასმელების, კერძების, ქვეყნის საუკეთესო ისტორიული ადგილებისა და კურორტების შესახებ.
ბლოგერები ჯეიმ პოლ სპარფოდი და ბენჯამინ დევიდ ებრელი, რომლებმაც Bloomberg-ის მკითხველებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში იმოგზაურეს, კერძებისა და სასმელების თემაზე ყველაზე პოპულარული ვიდეოების შემქმნელებად ითვლებიან. მათ 2,7 მილიონი ხელმომწერი ჰყავთ Sorted Food YouTube არხზე, რომელიც მაყურებელს 13 წელია სთავაზობს ვიდეოებს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სამზარეულოს შესახებ.
Sorted Food-ის გუნდი ხელმომწერებს ამჯერად ქართულ სამზარეულოზე, ტრადიციებზე, რესტორნებსა და შეფ-მზარეულებზე მოუთხრობს.

„მრავალფეროვანი ტრადიციებით გამორჩეული საქართველო ძალიან ძველი ქვეყანაა, რომელიც გზაჯვარედინზე მდებარეობს. თბილისი ძალიან თანამედროვე ქალაქია. საქართველო ავსტრიასა და ირლანდიაზე მცირე ზომის ქვეყანაა. თუ დროში შეზღუდული ხართ, არა უშავს, თქვენ მაინც მოასწრებთ ისტორიული ქალაქების, მშვენიერი მთის სოფლების, საზღვაო, სამთო კურორტებისა და ღვინის რეგიონების მონახულებას", – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოთხრობილია ძველი თბილისის, გოგირდის აბანოების, დედაქალაქის ისტორიული ადგილების, რესტორნების, კერძების შესახებ. სტატიის ავტორები ცნობილ ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდნენ და მათთან ერთად ხინკალი მოამზადეს. ისინი კახეთის რეგიონსაც ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტრადიციას.

„სექტემბერი მოსავლის აღების საუკეთესო დროა. ამ პერიოდში ფესტივალები იმართება, თუმცა კახეთში, ღვინის მწარმოებელ მხარეში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეისწავლოთ და გაეცნოთ ქართულ ღვინოს", – აღნიშნულია სტატიაში.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატიას გამოაქვეყნებს, რომლის მიზანია საქართველოში რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა.