თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. მოახლოებული იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შესაძლო მოლაპარაკება არ არის გამორიცხული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოახლოებულ პროცესთან დაკავშირებით, გერმანულმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ოპოზიცია იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე უარის თქმის სანაცვლოდ პრეზიდენტისგან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს.
„თუ ეს მართალია და ეს ინფორმაცია მართლაც გავრცელდა, ესე იგი, ეს რაღაც წყაროზე დაყრდნობით მოხდა. „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს, რომ ასე ღიად უთხრას პრეზიდენტს, შეიწყალეთ, თორემ იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. როგორც ჩანს, ეს გვერდითა გზებიდან სცადეს. მე არ მგონია, რომ ასეთ ღია შანტაჟს დაექვემდებაროს რომელიმე ადამიანი, იმიტომ რომ რეპუტაციულად ისედაც ასე ძლიერად დაზიანებულმა ადამიანმა საკუთარი პერსონის პოლიტიკური ლიკვიდაცია განახორციელოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მან არ გამორიცხა, რომ ზურაბიშვილმა შესაძლოა შეიწყალოს სააკაშვილი.
„როდესაც ვხედავთ, რომ ერთი მესიჯბოქსი აქვთ პრეზიდენტს და „ნაცკლასტერს“, დავალების საერთო მიმცემები ჰყავთ, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ“, - აცხადებს მდინარაძე.
ამასობაში „ნაცმოძრაობაში“ უარყვეს მოლაპარაკება პრეზიდენტთან, მაგრამ ამასთანავე პარტია იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებს.
იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსება პარლამენტის სულ მცირე 50 დეპუტატს შეუძლია, რისთვისაც უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის თხოვნით. ქვეყნის ხელმძღვანელობა ამ პროცედურაზე პრეზიდენტის დაუმორჩილებლობის გამო დაიწყო საუბარი: სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად მთავრობის უარისა, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის წინ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა.
იმპიჩმენტის მიზეზი და პროცედურები
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტებზე მთავრობის უარს ყურადღება არ მიაქცია. უარის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და, შესაბამისად, მისთვის უარის თქმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ლოგიკურია.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს. ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილს თანამდებობიდან ვერ გადააყენებენ.