მსოფლიო დღეს

„კოალიცია დამპირდა“: პრემიერი დარწმუნებულია, რომ თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს

Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დარწმუნებულია, რომ მის ქმართან არვო ხალიკთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს, იუწყება სააგენტო Bloomberg.

„ახლა მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ჩემმა კოალიციელმა კოლეგებმა დამიდასტურეს“, — განაცხადა კალასმა სააგენტოსთან ინტერვიუში.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქმრის ბიზნესის თაობაზე არაფერი იცოდა და არც არანაირი კავშირი არ ჰქონდა მისი კომპანიის საქმიანობასთან.
მანამდე, 23 აგვისტოს პორტალმა ERR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics, რომელშიც არვო ხალიკი წილს ფლობს, კვლავაც განაგრძობდა თანამშრომლობას რუსეთთან, მიუხედავად სანქციებისა.
კალასის მტკიცებით, ეს თანამშრომლობა 2022 წლის მარტში შეწყდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ბოდიში მოიხადა რუსეთში ქმრის კომპანიის საქმიანობის გამო, მაგრამ უარი თქვა თანამდებობიდან გადადგომაზე. როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის ცდილობდა სამსახურისა და ოჯახური ცხოვრების გამიჯვნას და ამიტომ ქმრის ბიზნესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.
ესტონეთის ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პარლამენტში ნდობის ვოტუმისთვის საჭირო ხმების მოპოვებას შეძლებენ, რათა პრემიერი თანამდებობიდან გადააყენონ.
წყარო: Bloomberg