თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. მომავალ მძღოლებს, რომლებიც საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდას აბარებენ, რიგ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
კერძოდ, მოედანზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას მართვის მოწმობის აღების მსურველებს ზეპირად პასუხის გაცემა მოუწევთ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე, რომელიც შეეხება ზეთის, სამუხრუჭე სითხის, სამუხრუჭე სისტემის, საჭის, ფარების, ძრავის, საავარიო მაშუქების, საბურავების შემოწმებას და ა.შ.
გარდა ამისა, გამოსაცდელმა უნდა აჩვენოს, როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაზე.
ამრიგად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობაზე გამოცდის მეორე ეტაპი ჩაბარებულად ჩაითვლება მხოლოდ ზეპირ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემის შემთხვევაში.
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი თეორიულია, მეორე – მოედანზე მანევრირება, ხოლო მესამე ეტაპი – მანევრირება რეალურ პირობებში ქუჩაში. მართვის მოწმობის მიღება სამი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.